საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება

საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი მოთხოვნადი პროფესიაა არაკომერციულ ორგანიზაციებისათვის, თუმცა მათ იშვიათად აქვთ შესაძლებლობა მუდმივი შტატი ჰქონდეთ აღნიშნული პოზიციისთვის. განურჩევლად იმისა, რისი საჭიროება აქვს ორგანიზაციას: საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის, ვებ გვერდის გაუმჯობესების თუ საინფორმაციო ბიულეტენის სისტემის აწყობის, დროის რესურსი შეზღუდულია და ამ სფეროს პროფესიონალის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია არაკომერციული ორგანიზაციებისათვის.

  • მომხმარებელზე ორიენტირებული ვებ-გვერდი

    კარგად აწყობილი და მომხმარებელზე ორიენტირებული ვებ-გვერდი ეხმარება ადამიანებს უფრო კარგად გაერკვნენ ორგანიზაციის საქმიანობასა და სერვისებში. საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები პრო ბონოდ შეიძლება დაეხმარონ არაკომერციულ ორგანიზაციებს ვებ გვერდის შექმნასა თუ ოპტიმიზაციაში. თუ ორგანიზაციას უკვე აქვს ვებგვერდი, მაგრამ ის არაეფექტური და ძნელად მოსახმარია, პირველ რიგში ხდება არსებული ვებ-გვერდის შეფასება და ამის საფუძველზე გაიცემა რეკომენდაციები, თუ როგორ შექმნან უფრო ეფექტური და მომხმარებლებისთვის სასურველი ვებ-გვერდი.

  • მომხმარებლებთან ურთიერთობის მოდელი (CRM)

    აღნიშნული სისტემები (მაგალითად Salesforce) გამოსადეგია არა მხოლოდ კომპანიებისათვის, არამედ სამოქალაქო ორგანიზაციებისათვისაც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის დოკუმენტირებისათვის, ასევე იმისათვის, რომ აღირიცხოს, თუ სად იმყოფება ორგანიზაცია, მხარდამჭერების მოზიდვასა და ფონდების მოძიებასთან დაკავშირებულ მიზნებთან მიმართებით. აღნიშნული სისტემების სპეციალისტები/ ექსპერტები შეიძლება პრო ბონოდ დაეხმარონ არაკომერციულ ორგანიზაციებს CRM სისტემის აწყობასა და ამუშავებაში. ამ სისტემის ფარგლებში შექმნილი მონაცემთა ბაზა ასევე უადვილებს ორგანიზაციას უკეთ მართოს ურთიერთობები მომხმარებლებთან და პარტნიორებთან, რაც ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის სამიზნე საზოგადოებასთან უფრო მჭიდროდ დაკავშირებას.

  • მონაცემთა ანალიზი

    სწორი ანალიზის გარეშე მონაცემებს არ აქვს არანაირი ღირებულება. იმისათვის, რომ ორგანიზაციებმა დაამუშაონ სხვადასხვა საინფორმაციო მონაცემები და მათი სწორი ანალიზი გააკეთონ, მათ სჭირდებათ გამოცდილი პროფესიონალები. მოცემული სფეროს ექსპერტებს შეუძლიათ პრო ბონოდ დაეხმარონ არაკომერციულ ორგანიზაციებს მონაცემების დამუშავებაში, მაგალითად: ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მონაცემების კომბინირებაში, მთავარი ტენდენციების აღმოჩენასა და მათ ვიზულიზაციაში და ა.შ.

  • საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

    ძიების ოპტიმიზაცია საძიებო სისტემის მეშვეობით საშუალებას აძლევს არაკომერციულ ორგანიზაციებს უკეთ მოახდინონ საკუთარი თავის პოზიციონირება ინტერნეტ სივრცეში. არსებული ვებ-გვერდის ანალიზის მეშვეობით, ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიონალს შეუძლია პრო ბონოდ დაეხმაროს არაკომერციულ ორგანიზაციას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის სოციალური შედეგის მიღწევაში.

  • ინტერნეტ საინფორმაციო გზავნილი

    ელექტრონული ბიულეტენი ეფექტური და დაბალ დანახარჯებიანი საშუალებაა არაკომერციული ორგანიზაციისთვის, რომ რეგულარულად მიაწოდოს დაინტერესებულ მხარეებს სხვადასხვა სახის ინფორმაცია საკუთარ საქმიანობაზე, მომსახურებაზე და მიღწევებზე. საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და დიზაინს სპეციალისტებს შეუძლიათ პრო ბონოდ დაეხმარონ არაკომერციულ ორგანიზაციებს ელექტრონული ბიულეტენის აწყობაში სხვადასხვა აღიარებული ინტერნეტ სისტემების მეშვეობით (როგორიცაა მაგ. Mailchimp, Cleverreach და სხვა.). ბიულეტენის ნიმუშის აწყობაში ჩართული არიან ბენეფიციარი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც, რომ მომავალში მათ დამოუკიდებლად შეძლონ ამ სისტემით სარგებლობა და ბიულეტენის მართვა.

  • შექმენით თქვენთვის საჭირო კატეგორია

    ორგანიზაციის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების სწორი და ეფექტური გამოყენება. თუ თქვენ წარმოადგენთ არაკომერციულ ორგანიზაციას და თვლით, რომ გჭირდებათ დახმარება აღნიშნულ სფეროში, მაგრამ ვერ იპოვეთ თქვენთვის საჭირო კატეგორია ამ ჩამონათვალში, დაგვიკავშირდით და თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ დაგეხმარებით სწორი კატეგორიის ფორმულირებაში ან ახალი კატეგორიის შექმნაში.

  • ჩაერთეთ პრო ბონო აქტივობებში, როგორც პრო ბონო კომპანია

    „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პროფესიონალებს გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოების საკეთილდღეოდ. როგორც პრო ბონო პროექტების შუამავალი ორგანიზაცია, „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ აგროვებს ინფორმაციას საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საჭიროებების შესახებ, აკავშირებს ერთმანეთთან პრო ბონო კომპანიებსა და ბენეფიციარ ორგანიზაციებს და ფასილიტაციას უწევს მთელ პროცესს. ამგვარად იზოგება პრო ბონო კომპანიათა დრო და ძალისხმევა. თუ ხართ მოტივირებული პროფესიონალი ან კომპანია და გსურთ, რომ გასწიოთ პრო ბონო მომსახურება აღნიშნულ სფეროში, მაგრამ ვერ იპოვეთ თქვენი ექსპერტიზის შესაფერისი კატეგორია ამ ჩამონათვალში, მოგვმართეთ და ჩვენ დაგაკავშირებთ შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარ ორგანიზაციასთან.

ტექსტი ეფუძნება გერმანული სამოქალაქო ორგანიზაციის, „პრობონეოს“ ვებგვერდზე განთავსებულ მასალას