რას ნიშნავს პრო ბონოს მედიაცია?

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ პრო ბონო სერვისების მედიაციას დიდი წვლილი შეაქვს ამ სერვისების განვითარებაში.

კომპანიებს, რომელთაც სურთ გასწიონ პრო ბონო სერვისები, ხშირად არა აქვთ ინფორმაცია იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, რომელთაც სჭირდებათ საექსპერტო დახმარება; ასევე არ ჰყოფნით დრო და ადამიანური რესურსები, რომ მოიძიონ ამგვარი სამოქალაქო ორგანიზაციები და დაადგინონ მათი საჭიროებები. თავის მხრივ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ მაღალკვალიფიციურ პროფესიულ სერვისებზე, მეტწილად ვერ ახერხებენ იმ კომპანიების მოძიებას, რომლებიც მზად არიან უსასყიდლოდ შესთავაზონ მათ ამგვარი დახმარება.

პრო ბონო მედიაციის მიზანია პრო ბონო სერვისების მიმწოდებელი კომპანიებისა და ბენეფიციარი სამოქალაქო ორგანიზაციების დაკავშირება და პრო ბონო კონსულტირების პროცესის ხელშეწყობა.

დღეისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს ამგვარი მედიატორი /შუამავალი ორგანიზაციები, აგრეთვე შექმნილია გლობალური პრო ბონო ქსელი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მედიატორ ორგანიზაციებს აერთიანებს.