რას ნიშნავს პრო ბონო

ტერმინი პრო ბონო სერვისები გულისხმობს სამოქალაქო ორგანიზაციების ან მოქალაქეებისათვის პროფესიული მომსახურების გაწევას უსასყიდლოდსად ან სიმბოლურ ფასად, ანუ საზოგადოების საკეთილდღეოდ.

"პრო ბონო" არის შემოკლებული ფორმა ლათინური გამოთქმისა pro bono publico, რაც ნიშნავს "საზოგადოების საკეთილდღეოდ"

სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის დასახმარებლად, სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად მუშაობენ, ხშირად არ გააჩნიათ საკმარისი რესურსები მაღალკვალიფიციური საექსპერტო მომსახურების მისაღებად, ხოლო ამგვარი ექსპერტიზის გარეშე მათ უჭირთ მიაღწიონ დასახულ მიზნებს და საგრძნობი ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ეკოლოგიის, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სფეროებში.

პრო ბონო სერვისები კერძო სექტორის ექსპერტიზასა და ინტელექტუალურ რესურსებს ხელმისაწვდომს ხდის საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციებისათვის. ამ გზით კომპანიები ეხმარებიან საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომელთა ინტერესებსაც ემსახურება და გამოხატავს ესა თუ ის სამოქალაქო ორგანიზაცია.