
ხელშემწყობი ორგანიზაციები

ასოციაცია “Pro Bono Deutschland e.V.”
ასოციაცია “Pro Bono Deutschland e.V.” 2011 წლის თებერვალში დაფუძნდა. ასოციაციაში შემავალი იურიდიული ფირმები, მათი სამოქალაქო აქტივობის ფარგლებში, ეწევიან უსასყიდლო საქველმოქმედო იურიდიულ მომსახურებას (პრო ბონო იურიდიულ კონსულტაციებს). ასოციაცია ღიაა ყველა იმ იურისტისა და იურიდიული კომპანიისთვის, რომლებიც ეთანხმებიან პრო ბონო იურიდიული კონსულტაციების პრინციპებს და სურთ ამგვარი კონსულტაციების გაწევა. ასოციაცია აგრეთვე ცდილობს მიაღწიოს მეტ აღიარებას და უფრო ფართოდ დანერგოს იურისტთა წრეებში პრო ბონო იურიდიული კონსულტირების კონცეფცია.

ავსტრალიის პრო ბონო ცენტრი
ავსტრალიის პრო ბონო ცენტრი დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ავსტრალიის იურისტებს ეფექტურად გასწიონ უფასო იურიდიული მომსახურება (პრო ბონო იურიდიული მომსახურება), რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის მართლმსაჯულებას სოციალურად დაუცველი ფენებისთვის და ყურადრების ცენტრში მოაქცევს საზოგადოებრივ ინტერესებს. „ცენტრი“ 2002 წლის აგვისტოში, ნიუ საუთ უელსის უნივერსიტეტში გაიხსნა, სადაც დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას. თავდაპირველად იგი ნაციონალური პრო ბონო რესურს ცენტრის სახელწოდებით იყო ცნობილი, თუმცა 2015 წლიდან ავსტრალიის პრო ბონო ცენტრის სახელით გააგრძელა მუშაობა, რათა ახალ სახელწოდებას უკეთ გადმოეცა ორგანიზაციის როლი პრო ბონო სერვისების მუდმივად მზარდ გლობალურ კონტექსტში. „ცენტრის“ საქმიანობაში არ შედის უშუალოდ იურიდიული კონსულტაციებისა თუ დახმარების გაწევა, ან ადამიანების გადამისამართება პრო ბონო იურისტებთან. „ცენტრი“ ხელს უწყობს პრო ბონო სერვისების განვითარებას როგორც მრჩეველი, ინტერესთა დამცველი, მკვლევარი, ბროკერი და რესურსების მიმწოდებელი.

ადვოკატები - Advocate
ადვოკატთა პრო ბონო გაერთიანება - Advocate საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს როგორც საკოორდინაციო ცენტრი და ეხმარება უფასო (პრო ბონო) იურიდიული მომსახურების მიმწოდებელი მოხალისე ადვოკატების პოვნაში იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც საჭიროებენ იურიდიულ დახმარებას, მაგრამ არა აქვთ საშუალება რომ გადაიხადონ კონსულტაციის საფასური და ვერც სახელმწიფო დაფინანსების მიღების კრიტერიუმებს ამაყოფილებენ. თავდაპირველად ორგანიზაციაა დაარსდა Bar Pro Bono Unit-ის სახელწოდებით, შემდეგ მოხდა მისი რებრენდინგი და ამჟამად ფუნქციონირებს "Advocate" სახელწოდებით. ადვოკატთა პრო ბონო გაერთიანების დახმარების სფეროებია: • იურიდიული კონსულტაციები, წარმომადგენლობა სასამართლოში და დახმარება მედიაციის პროცესში; • საქმეები სამართლის ყველა დარგში; • საქმეები, რომელთა წარმოება ჯერ არ დაწყებულა; • საქმეები ინგლისისა და უელსის ყველა სახის სასამართლოსა და ტრიბუნალებში. საერთო ჯამში 3600-ზე მეტი მოხალისე ადვოკატი სთავაზობს პრო ბონო მომსახურებას ადვოკატთა პრო ბონო გაერთიანების ბენეფიციარებს.

BMW ფონდი - Herbert Quandt
BMW ფონდის საზოგადოებრივი საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიული მიმართულებაა პრო ბონო მომსახურების და სოციალური ვალდებულებების პოპულარიზაცია. ფონდის მიზანია დაუჭიროს მხარი იმ პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან იკისრონ სოციალური ვალდებულება და უსასყიდლოდ დაეხმარონ არაკომერციულ ორგანიზაციებს მათი საქმიანობის უკეთ წარმართვაში. ფონდის ძირითადი ფოკუსია პრო ბონო (უსასყიდლო) მომსახურება, თუმცა ის სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებაზეც მუშაობს. Taproot ფონდთან ერთობლივად, BMW ფონდი ასევე მუშაობს გლობალური პრო ბონო ქსელის განვითარებასა და გაძლიერებაზე. ქსელი აერთიანებს პრო ბონო შუამავალ ორგანიზაციებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რომლებიც მედიაციას უწევენ პრო ბონო სერვისებს, ახდენენ პრო ბონო მომსახურების კოორდინირებას და აკავშირებენ ერთმანეთთან შესაბამის კომპანიებსა და პროფესიონალებს, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს პრო ბონო სერვისების ხარისხისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას.

ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაცია - International Bar Association
1947 წელს დაარსებული ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაცია (IBA) - წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აერთიანებს პრაქტიკოს იურისტებს, ადვოკატთა ასოციაციებს და იურიდიულ საზოგადოებებს. IBA დიდ გავლენას ახდენს როგორც საერთაშორისო სამართლებრივ რეფორმებზე, ისე იურისტის პროფესიის ზოგადი სტანდარტების ჩამოყალიბებაზე. ასოციაციაში გაერთიანებულია 80,000-ზე მეტი იურისტი და 160 ქვეყანაში არსებული 190-ზე მეტი ადვოკატთა და იურისტთა ასოციაცია. IBA წარმოადგენს გლობალურ ვირტუალურ პლატფორმას იმ პროფესიონალთათვის, რომლებიც ჩართულები არიან პრო ბონო საქმიანობაში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამ პლატფორმის მეშვეობით პროფესიონალებს შეუძლიათ ა) მოიძიონ სხვადასხვა რესურსები, რომლებიც ეხმარება მათ პრო ბონო სერვისების და პროექტების განხორციელებაში და ბ) გაეცნონ სხვა პროფესიონალების მიერ შესრულებული, ადგილობრივი და გლობალური მნიშნელობის პრო-ბონო პროექტებს.

საზოგადოებრივი ინტერესების სამართლის გლობალური ქსელი - PILnet
PILnet დაარსდა 1997 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის ბაზაზე, „საზოგადოებრივი ინტერესების სამართლის ინიციატივის“ სახელწოდებით. მისი მიზანი ისეთი სამართლის დამკვიდრების ხელშეწყობა იყო, რომელიც მთლიანი საზოგადოების ინტერესებს მოემსახურებოდა და არა ფულისა და ძალაუფლების მქონე ჯგუფების კერძო ინტერესებს. 2007 წელს PILnet-მა შეიცვალა სახელწოდება (გახდა „საზოგადოებრივი ინტერესების სამართლის ინსტიტუტი“), ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციად და გახსნა ოფისი ნიუ იორკში. 2011 წლიდან PILnet-ი აგრძელებს მოღვაწეობას მისი ამჟამინდელი სახელწოდებით, რადგან ის უკეთ ასახავს ორგანიზაციის ძირითად სტრატეგიას, რომელიც მიმართულია საერთაშორისო ქსელების გაერთიანებაზე ადამიანის უფლებების დაცვის და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით. იმისთვის, რომ გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების გავლენა საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკაზე, და აგრეთვე იმისთვის, რომ დაეხმაროს საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენებს ხელი მიუწვდებოდეთ იურიდიულ მომსახურებაზე, PILnet-ი მსოფლიო მასშტაბით ავითარებს პრო ბონო იურიდიული მომსახურების პრაქტიკას. მიუხედავად იმისა, რომ იურისტები და იურიდიული ფირმები სულ უფრო მეტი მონდომებით ეწევიან უსასყიდლო იურიდიულ მომსახურებას, პრობლემად რჩება სამოქალაქო საზოგადოებასთან მათი უშუალო კავშირების ნაკლებობა. PILnet-ის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში ჩამოყალიბებული საკოორდინაციო ცენტრები სწორედ ამ კავშირების დამყარებას უწყობენ ხელს და ეხმარებიან ერთმანეთის პოვნაში ერთის მხრივ, პრო ბონო მომსახურების მიმწოდებელ იურისტებს, ხოლო მეორეს მხრივ, იმ ჯგუფებსა თუ ადამიანებს, ვისაც ესაჭიროება ეს მომსახურება.

პიქსერა გლობალი - Pyxera Global
პიქსერა არის ამერიკული არაკომერციული პრო ბონო ორგანიზაცია, რომელიც 1990 წლიდან მუშაობს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში. საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით, პიქსერა მუშაობს სხვადასხვა სექტორებთან, კერძოდ: კორპორაციებთან, მთავრობებთან, საზოგადოებრივ და საგანამანათლებლო ორგანიზაციებთან. სწორედ სტრატეგიული პარტნიორობით, პიქსერა ცდილობს წვლილი შეიტანოს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა გლობალური პრო ბონო პროგრამა, რომლის ფარგლებში პიქსერა მუშაობს კორპორაციებთან მათი პრო ბონო პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში გლობალურად.

პრო ბონო ლაბორატორია - Pro Bono Lab
პრო ბონო ლაბორატორია 2011 წელს დაფუძნდა. ეს არის ფრანგული არაკომერციული ინოვაციური ორგანიზაცია, რომელიც მოხალისეობასა და „ცოდნის სპონსორობას“ უჭერს მხარს. ორგანიზაციის მიზანია დაეხმაროს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიიღონ მათთვის საჭირო საექსპერტო დახმარება უფასო (პრო ბონო) საკონსულტაციო მომსაუხრების სახით. ამ მიზნის მისაღწევად პრო ბონო ლაბორატორიამ შეიმუშავა პრო ბონო ჩართულობის ახლებული და ინოვაციური ფორმატები. იგი აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ კომპანიებთან, ფონდებთან, ასოციაციებთან, უნივერსიტეტებთან და ბიზნეს სკოლებთან. პრო ბონო ლაბორატორია გლობალური პრო ბონო ქსელის წევრია და პრო ბონო მოძრაობის ერთგული მხარდამჭერი: 2012 წლიდან მოყოლებული, პრო ბონო ლაბორატორიამ 400-მდე პრო ბონო პროექტში სულ ცოტა 3000 მოხალისეს ჩართვა მოახერხა და საერთო ჯამში 200-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციას გაუწია საკონსულტაციო დახმარება.

პრო ბონო ქსელი - Pro Bono Net
პრო ბონო ქსელი 1999 წელს დაარსებული ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს არაკომერციულ იურიდიულ ორგანიზაციებთან აშშ-სა და კანადაში, რათა გაზარდოს მართლმსაჯულების ხელმისწავდომობა იმ მილიონობით დაუცველი / ღარიბი ადამიანისთვის, რომელსაც ესაჭიროება პროფესიული დახმარება სხვადასხვა ტიპის იურიდიული პრობლემების მოსაგვარებლად. დასახული მიზნის მისაღწევად პრო ბონო ქსელი ა) მხარს უჭერს იურიდიულ საკითხებზე მომუშავე არაკომერციული ორგანიზაციების მიერ ტექნოლოგიების ინოვაციურ და ეფექტურ გამოყენებას; ბ) ზრდის მოხალისეთა ჩართულობას და გ) ხელს უწყობს ერთ რეგიონში (ან მსგავს საკითხებზე) მომუშავე, იურიდიული პროფილის არაკომერციული ორგანიზაციების და ადვოკატების ურთიერთთანამშრომლობას.

თაფრუტის ფონდი - Taproot Foundation
2001 წელს დაფუძნებული თაფრუტის ფონდი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც პრო ბონო მომსახურების მეშვეობით აკავშირებს ერთმანეთთან საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილ მოხალისეებს. ფონდის მისიაა „სოციალური ცვლილების მართვა პროფესიონალების მობილიზებისა და მათი პრო ბონო მომსახურებაში ჩართვის მეშვეობით“. ფონდის დახმარებით არაკომერციულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ მაღალხარისხიანი და მაღალეფექტიანი პრო ბონო მომსახურება კვალიფიციური და გამოცდილი მოხალისეებისაგან; ეს მომსახურება, საჭიროებისამებრ, სხვადასხვაგვარია, როგორც ხანგრძლივი, რომელიმე პროექტის ან პროგრამის ფარგლებში განხორციელებული, ასევე ხანმოკლე ან სულაც ერთჯერადი ინდივიდუალური კონსულტაციის სახით მიწოდებული. თაფრუტის მიზანია შექმნას ისეთი სამყარო, სადაც პრო ბონო სერვისების მეშვეობით საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციებს ექნებათ წვდომა ისეთ ექსპერტიზაზე, როგორიცაა: ადამინური რესურსების მართვა, მარკეტინგი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ა.შ. 2001 წლიდან დღემდე, თაფრუტი 8, 400-ზე მეტ არაკომერციულ ორგანიზაციას დაეხმარა. რომლის დროსაც დაიხარჯა მათი მაღალკვალიციფიური მოხალისეების 1.8 მილიონ საათზე მეტი. 2014 წელს, თაფრუტის ფონდმა აამუშავა ონლაინ პლათფორმა - taprootplus.org - რომლის მეშვეობითაც არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ მოკლევადიანი პრო ბონო საკონსულტაციო მომსახურების მოძიება. თაფრუტის ფონდი ბაზირებულია კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში, და გააჩნია ოფისები ნიუ იორკში, ჩიკაგოში, ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში.

საერთაშორისო პრო ბონო ორგანიზაციების დირექტორია

iმოხალისე - iVolunteer
iVolunteer წარმოადგენს სოციალურ საწარმოს ინდოეთში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მოხალისეობის კულტურის განვითარებას. ორგანიზაციის მიზანია ინდივიდიალური მოხალისეებისა და ორგანიზაციების მობილიზება, რათა დროის, ექპერტიზისა და ენთუზიაზმის გაზიარებით ხელი შეუწყონ საზოგადოების განვითარებას. 2001 წლიდან დღემდე ორგანიზაცია ყოველწლიურად 17 000-ზე მეტი მოხალისეს ჩართვას ახერხებს მოხალისეობრივ პროგრამებში და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ორგანიზაციას მოხალისეობის მხარდაჭერის მიმართულებით.

გაძლიერება ტექნოლოგიებით - Team4Tech
Team4Tech არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 2012 წელს და მისი მიზანია განათლებაზე წვდომის ხელშეწყობა ისეთი სტუდენტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ამის შესაძლებლობა. კერძოდ, ორგანიზაცია 3-5 წლის მანძილზე ეხმარება განათლების ხელშეწყობის მიმართულებით მომუშავე არაკომერციულ ორგანიზაციებს პრო ბონო კონსულტაციებითა და ტექნოლოგიების მიმართულებით გრანტების გაცემით, რათა მათ უკეთ შეძლონ მათი ბენეფიციარების საჭიროებების დაკმაყოფილება. 2013 წლიდან დღემდე, ორგანიზაციამ შეძლო 30-ზე მეტი არაკომერციული ორგანიზაციის გაძლიერება ტექნოლოგიებისა და ტრენინგების მეშვეობით და 80 000-ზე მეტ მოსწავლეს გაუუმჯობესა განათლებაზე წვდომა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებული ადვოკატების გაერთიანებას. ასოციაციის მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოში ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრებას იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობისა და საადვოკატო საქმიანობაში მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფას. ასოციაცია ხელს უწყობს პრო ბონო პრაქტიკის განვითარებას იურიდიულ ფირმებში და მის პოპუალრიზაციას. კერძოდ, უზრუნველყოფს პრო ბონო იურიდიულ დახმარებას სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის.