ისტორია

პრო ბონო სერვისები ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დამკვიდრებული პრაქტიკა იყო იურიდიული კომპანიებისათვის, როდესაც კვალიფიციური იურისტები უსასყიდლო (პრო ბონო) იურიდიულ დახმარებას უწევდნენ შეჭირვებულ ადამიანებს, რომელთაც ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

1970-იანი წლებიდან კი ეს მიდგომა უკვე აქტიურად აიტაცეს სხვადასხვა სფეროში მოქმედმა კომპანიებმა და საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში დანერგეს.

გაიგე მეტი

პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებიდან უსასყიდლოდ უზიარებენ თავიანთ ცოდნას და კონსულტირებას უწევენ სამოქალაქო ორგანიზაციებს სტრატეგიულ დაგეგმვაში, ფინანსურ საკითხებში, მარკეტინგის, კომუნიკაციის, ადამიანური რესურსების მართვისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების სფეროებში.

გლობალური კონტექსტი: პრო ბონო დღევანდელ მსოფლიოში

დღევანდელ მსოფლიოში პრო ბონო სერვისები სწრაფად მზარდ ტენდენციას წარმოადგენს. სულ უფრო მეტი კომპანიისათვის პრო ბონო სერვისები საზოგადოებრივი პროგრამების განუყოფელი ნაწილი ხდება.

პრო ბონო პროგრამებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს პროფესიული სერვისების მიმწოდებელი კომპანიები წარმოადგენს (საკონსულტაციო კომპანიები, დიზაინის სფეროში მომუშავე კომპანიები და ა. შ.), თუმცა სხვა სექტორებიც სულ უფრო ქმედითად ითვისებენ ამ ტენდენციას. ბოლო წლებში ახალი ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებმაც აქტიურად აიტაცეს პრო ბონო. მაგალითად, პრო ბონო სოციალური პროგრამების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს LinkedIn-ის, BMW-ს კორპორატიული ფონდის, Google-ისათვის.

ასევე ჩამოყალიბდა ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ მსოფლიოში პრო ბონო პრაქტიკის დამკვიდრებას და ერთმანეთთან აკავშირებენ პრო ბონო კომპანიებსა და ბენეფიციარ ორგანიზაციებს.

მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად იზრდება პრო ბონო სერვისების მიმწოდებელი კომპანიების რიცხვი, სამოქალაქო ორგანიზაციების საჭიროებები მაინც აღემატება მიწოდების მასშტაბს.

ციფრები და ფაქტები

  • 92 % დასაქმებული ამერიკელებისა მიიჩნევს, რომ პროფესიული მოხალისეობის პროგრამები აუმჯობესებს პროფესიულ უნარებს, კომუნიკაციის და კლიენტებთან ურთიერთობის უნარებს და წვლილი შეაქვს ლიდერობის უნარების განვითარებაში.
  • 82 % დამსაქმებლებისა ფიქრობს, რომ კადრების შერჩევის პროცესში უპირატესობას მიანიჭებს იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მოხალისეობის გამოცდილება.

წყარო: 2016 Deloitte Impact Survey, Building Leadership Skilss Through Volunteerism