პრო ბონო სერვისები და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
კომპანიებისათვის პრო ბონო სერვისები მათი სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელების ერთ-ერთ ფორმას, კერძოდ კი, თანამშრომელთა მოხალისეობის (კორპორაციული მოხალისეობის) ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.
კორპორაციული მოხალისეობა
კორპორაციული მოხალისეობა წარმოადგენს კომპანიის მიმდინარე კოორდინირებულ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ის მხარს უჭერს საკუთარ თანამშრომლებს, მოხალისეობრივ საწყისებზე ჩაერთონ ადგილობრივი თემის საკეთილდღეოდ მიმართულ სოციალურ ინიციატივებში. კომპანიამ შეიძლება თანამშრომლებს ანაზღაურებადი სამუშაო დრო გამოუყოს ამგვარი მოხალისეობრივი საქმიანობისათვის, აგრეთვე კოორდინირება გაუწიოს თანამშრომელთა მოხალისეობრივ საქმიანობას და დაეხმაროს მათ ბენეფიციარი ორგანიზაციების შერჩევაში.
პრო ბონო სერვისები კორპორაციული პასუხისმგებლობის სოციალურ განზომილებას განეკუთვნება და სოციალური ინვესტიციის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. პრო ბონო სერვისების მიწოდებით კომპანია ახდენს საკუთარი რესურსების ინვესტირებას, თუმცა არა ფულადი სახსრების, არამედ საკუთარ თანამშრომელთა დროის და ინტელექტუალური რესურსისა.