კორპორაციებისათვის: გაეცით პრო ბონო

თუ გსურთ თქვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელოთ პრო ბონო პროგრამა და გაუწიოთ დახმარება ორგანიზაციას, რომელიც საზოგადოების სასიკეთოდ მუშაობს, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა კომპანიებისთვის და/ან დაგვიკავშირდით.

როგორ მუშაობს მედიაციის მექანიზმი

პრო ბონო პროგრამის მართვა კომპანიაში

    • შეათანხმეთ პროგრამა კომპანიის ხელმძღვანელობასთან.
    • განსაზღვრეთ, ვინ იქნება კომპანიაში პრო ბონო კოორდინატორი.
    • განსაზღვრეთ, თითოეულ თანამშრომელს რამდენი ანაზღაურებადი საათის გამოყენების უფლება აქვს პრო ბონო საქმიანობისათვის.
    • განსაზღვრეთ, პრო ბონო სერვისების საკითხები და ფორმები, რომლებიც მისაღებია თქვენი კომპანიისათვის.
    • შიდა ქსელით მიაწოდეთ თანამშრომლებს ინფორმაცია და გამოავლინეთ ინიციატივაში ჩართვის მსურველები.
    • თანამშრომლებთან ჩაატარეთ საინფორმაციო სემინარი.
    • ააწყვეთ გაწეული სერვისების აღრიცხვის სისტემა და ბენეფიციართაგან უკუკავშირის მიღების მექანიზმი.
    • წლის ბოლოს შეაჯამეთ შედეგები, შეაფასეთ თქვენი პრო ბონო საქმიანობის სოციალური ზეგავლენა და ანგარიში წარუდგინეთ როგორც თქვენს თანამშრომლებს და ხელმძღვანელობას, ასევე ფართო საზოგადოებას.

ხუთი უმთავრესი რჩევა კომპანიაში პრო ბონო პროგრამების მენეჯერთათვის

ფიქრობთ თქვენს კომპანიაში პრო ბონო სტრატეგიის შექმნაზე?

გთავაზობთ ხუთ უმთავრეს რჩევას, რომელიც ამაში დაგეხმარებათ. ეს რჩევები შემუშავებულია პრო ბონო მენეჯერების და კომიტეტების დახმარებით:

  • სთხოვეთ თქვენი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, მმართველ პარტნიორს ან სხვა რომელიმე უფროს პარტნიორს გახდეს პრო ბონო საქმიანობის „ხმა“ და დამცველი. პრო ბონო საქმიანობა საჭიროებს მხარდაჭერას ხელმძღვანელობისგან, რადგან მენეჯმენტმა უნდა იცოდეს და გაგებით ეკიდებოდეს იმ დამატებით სამუშაოს, რომელსაც მათ დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები ასრულებენ. ხელმძღვანელობის მხარდაჭერა აძლიერებს პრო ბონო საქმიანობის ფასეულობას და მნიშვნელობას და უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი დრო სათანადოდაა განაწილებული და მართული.
  • დასახეთ ნათელი მიზნები - დაიწყეთ მცირედით. თქვენი კომპანიის ჩართულობა პრო ბონო პროექტებში არ უნდა იზომებოდეს მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლების („საათების რაოდენობის“ ან „საქმეების რაოდენობის“) მიხედვით. პრო ბონო საქმიანობის მიზნების დასახვისას შეგიძლიათ იფიქროთ აგრეთვე იმ თანამშრომლების რაოდენობაზე, რომლებსაც წლის განმავლობაში ამ საქმიანობაში ჩართავთ, ან იმ ორგანიზაციების / ინდივიდების რაოდენობაზე, რომლებსაც წლის განმავლობაში გაუწევთ დახმარებას, ან სულაც იმ სხვადასხვა ტიპის სამუშაოზე, რომელსაც განახორციელებთ.
  • დააწესეთ ფორმალური აღრიცხვა. თუ გსურთ რომ პრო ბონო აქტივობა უფრო ფორმალურ რელსებზე შეაყენოთ და კარგად გააცნობიეროთ მისი მოცულობა თქვენს კომპანიაში, პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენი თანამშრომლები აფიქსირებენ / იწერენ დროს, რომელიც დახარჯეს ნებისმიერ უსასყიდლოდ შესრულებულ საქმიანობაზე. ჩანაწერები დაგეხმარებათ კარგად დაინახოთ პრო ბონო აქტივობების საერთო სურათი და შეაფასოთ უსასყიდლოდ გაცემული კონსულტაციების ფარდობითი წილი.
  • გაარკვიეთ, რა ტიპის საქმეები ან სოციალური საკითხები უფრო აინტერესებს / აღელვებს თქვენს პერსონალს. კომპანიის თანამშრომლების სურვილის გათვალისწინება გადამწყვეტია ენთუზიაზმის შენარჩუნებისთვის. ამაში დაგეხმარებათ გამოკითხვების ჩატარება და უბრალოდ გასაუბრება თანამშრომლებთან. ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტები საუკეთესო დასაწყისია. ადგილობირივი მედიატორი ორგანიზაცია დაგეხმარებათ პრო ბონო პროექტის ბენეფიციართა შერჩევასა და მათთან კომუნიკაციაში.
  • დარწმუნდით, რომ პრო ბონო სამუშაოს კომპანიაში კოორდინაციას უწევს კონკრეტული ადამიანი ან დეპარტამენტი. ყველა ძალიან დაკავებულია, ასე რომ კარგია, როდესაც არსებობს ცალკეული პირი ან ჯგუფი, რომელსაც მენეჯმენტმა ოფიციალურად დაავალა კომპანიაში პრო ბონო პროგრამების მართვა. ეს არ ნიშნავს, რაღა თქმა უნდა, რომ ამ პირმა ან პირებმა მარტო უნდა შეასრულონ მთლიანი სამუშაო, თუმცა ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას დანარჩენების მოტივირებაზე, შთაგონებაზე, და გაძღოლაზე, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს პრო ბონო სერვისების სიცოცხლისუნარიანობას.

პრო ბონო პროექტის წარმატების ძირითადი პრინციპები

პროექტის დაწყებამდე

  • ნუ დაპირდებით, თუ ვერ შეასრულებთ დაპირებას;
  • გაეცანით საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობას და დაიცავით ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა;
  • გაუზიარეთ, რა გიქმნით მოტივაციას და რისი მიღება გსურთ თქვენ ამ თანამშრომლობის შედეგად.

პროექტის მსვლელობის დროს

  • შეასრულეთ პირობა და გამოყავით საჭირო დრო პროექტის შესასრულებლად:
  • განსაზღვრეთ ძირითადი საქმეები და თარიღები პირველი შეხვედრის დროს და შეთანხმდით შემდგომ შეხვედრებზე;
  • მიადევნეთ თვალყური და დარწმუნდით, რომ პროექტი არ სცდება შეთანხმებულ შინაარსსა და ვადებს;
  • გაწიეთ მაქსიმალური ძალისხმევა;
  • იურთიერთეთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანასწორ პირობებზე და მიუდექით მათ ისეთივე საქმიანი და პროფესიული განწყობით როგორც უდგებით კლიენტს, რომელიც იხდის მომსახურების საფასურს;
  • იქონიეთ რეგულარული და გახსნილი კომუნიკაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. თუ გიჭირთ უპასუხოთ მათ თხოვნას უახლოესი დღეების განმავლობაში - აცნობეთ მათ ამის შესახებ; საქმის კურსში ამყოფეთ ასევე მედიატორი (შუამავალი) ორგანიზაციაც;
  • ღიად მიიღეთ კონსტრუქციული უკუკავშირი თქვენი მუშაობის შესახებ;
  • დაუსვით ბენეფიციარი ორგანიზაციის წარმომადგენლებს კითხვები მათი სამუშაო პროცესის შესახებ, გაარკვიეთ მათი აზრი სხვადასხვა რუტინულ საქმეებზე. მათი ხედვა და მოსაზრებები მნიშვნელოვანია.

პროექტის შემდგომ

  • დაეკონტაქტეთ ბენეფიციარ ორგანიზაციას და დაინტერესდით, როგორ იყენებენ პროექტის შედეგებს;
  • განათავსეთ ინფორმაცია შესრულებული პრო ბონო პროექტის და თქვენი პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შესახებ თქვენს ვებ-გვერდზე;
  • დაიმეგობრეთ ორგანიზაცია LinkedIn-ზე და სხვა სოციალურ მედიაში;
  • მოუყევით ამ ორგანიზაციის და თქვენი პროექტის შესახებ თქვენ კოლეგებს და სხვებსაც.

მოცემული რეკომენდაციები ეფუძნება საკონსულტაციო ორგანიზაციის პრობონეოს მიერ შემუშავებულ მასალებს.