ბონო სერვისების ძირითადი მოდელები

პრო ბონოს განხორციელების ფორმები და მოდელები ძალიან მრავალფეროვანია. კომპანიებს, რომელთაც სურთ პრო ბონოს გაწევა, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომელთაც სჭირდებათ პრო ბონო მხარდაჭერა, შეუძლიათ ზუსტად ის ფორმა შეარჩიონ, რომელიც მათ მიესადაგება.

კორპორატიული პრო ბონო პროგრამები კომპანიათა CSR სტრატეგიების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს; პრო ბონო პროგრამები ძალიან კარგად ერწყმის და ავსებს კომპანიათა სხვა სოციალურად პასუხისმგებელ პროგრამებს, მაგალითად, ფინანსებით ან ნატურით დახმარებას. სხვადასხვა მიდგომების კომბინაციით კი მიიღწევა ბევრად უფრო მასშტაბური სოციალური შედეგი.

გაიგე მეტი

მაგალითად, კომპანია IBM-მა 2003 წელს დაიწყო მოხალისეობის ინოვაციური პროგრამა On Demand Community რომელიც ავსებს მის სხვა სოციალურ ინიციატივებს. პროგრამა ნელ-ნელა გაფართოვდა და 55 ქვეყანა მოიცვა. ამ პროგრამის ფარგლებში IBM კომპიუტერულ ტექნოლოგებსა და პროგრამებს აწვდიდა სკოლებს და არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ჩამორჩენილ თემებთან. თუმცა ამ ორგანიზაციებსა და თემის წარმომადგენლებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა და უნარები, რომ გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები, რაც, თავის მხრივ, აფერხებს მათ განვითარებას. ამიტომ კომპანიამ ამ ინიციატივას შეუთავსა თანამშრომელთა მოხალსიეობის ინიციატივა და კომპანიის მოხალისეები მიავლინა, რათა ამ ორგანიზაციებისათვის უსასყიდლოდ გაეწიათ კონსულტირება და საექსპერტო დახმარება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებგის საკითხებზე. (Philip Kotler, Nancy Lee, Corporate Social Responsibility: Doing the Most Good for your Company and Your Cause, 2005. gv. 196-198)

შეარჩიეთ მოდელი, რომელიც თქვენს საჭიროებებსა და შესაძლებლობებს მიესადაგება

მოკლევადიანი პროექტები

  • ტრენინგი/სემინარი 

    კომპანია საშუალებას აძლევს სამოქალაქო ორგანიზაციის ერთ ან რამდენიმე წარმომადგენელს უფასოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ საკუთარი კლიენტებისა თუ თანამშრომლებისათვის ჩატარებულ ტრენინგში; ან კომპანია ერთი ან რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის ამზადებს და ატარებს ტრენინგს მათთვის საჭირო საკითხებზე. 

  • პრო ბონო მარათონი 

    პრო ბონო მარათონი არის ექსკლუზიური ერთდღიანი საკონსულტაციო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ერთი ან რამდენიმე კომპანიის სხვადასხვა კვალიფიკაციის პროფესიონალთა გუნდები რამდენიმე საათის (12 ან 24 საათის) განმავლობაში მუშაობენ  ბენეფიციარ სამოქალაქო ორგანიზაციებთან კონკრეტულ პროექტებზე, მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად (მაგ., რეკლამის, მარკეტინგისა და კომუნიკაციის სპეციალისტები მუშაობენ სამოქალაქო ორგანიზაციისთვის  მარკეტინგული მასალების – ვებ-გვერდის, პუბლიკაციის, საკომუნიკაციო კამპანიის პროექტის შემუშავებაზე და ა. შ.).

  • სკოუპ-ა-თონი

    სკოუპ-ა-თონი არის ინტერაქტიური ერთდღიანი სემინარი, რომლის ფარგლებშიც ერთი ან რამდენიმე კომპანიის პროფესინალთა გუნდები მუშაობენ სამოქალაქო ორგანიზაციებთან მათი სუსტი მხარეების შესაფასებლად და არსებული პრობლემებისა თუ საჭიროებების გამოსავლენად, რათა შემდგომში გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად განხორციელდეს ეფექტური პრო ბონო პროექტები – კონსულტირება, მარათონი და ა. შ. ანუ სკოუპ-ა-თონი ახდნეს სამომავლო პრო ბონო პროექტებისათვის ამოცანის დასმას და დაკონკრეტებას. სამოქალაქო ორგანიზაცია იღებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და საჭიროებათა ანალიზს.

  • ვირტუალური ოფისი

    რომელიმე კონკრეტული სფეროს კონსულტანტთან ერთ- ან ორსაათიანი სატელეფონო ან ონლაინ კონსულტაცია კონკრეტული საკითხის ან იდეის განსახილველად.

  • სწრაფი კონსულტირება

    სამოქალაქო ორგანიზაცია ერთი დღის განმავლობაში ხვდება სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს ხანმოკლე კონსულტაციების მისაღებად. ამ მოდელის მიზანია შესაძლებლობა მისცეს სამოქალაქო ორგანიზაციას ერთ დღეში პირისპირ შეხვდეს სხვადასხვა სფეროს რამდენიმე ექსპერტს და მათგან მიიღოს კონსულტაცია შედარებით მცირემასშტაბიან პრობლემებზე.

გრძელვადიანი პროექტები

  • კონსულტირება

    კომპანია საშუალებას აძლევს თანამშრომელს საკუთარი ანაზღაურებადი სამუშაო დროის გარკვეული ნაწილი დაუთმოს სამოქალაქო ორგანიზაციასთან მუშაობას, რათა გადაჭრას ამ ორგანიზაციის წინაში არსებული კონკრეტული პრობლემა (მაგ., ერთობლივად შეიმუშაონ ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია და მისთ.). ეს კონსულტირება მთლიანობაში შეიძლება რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს, როდესაც კორპორატიული მოხალისეები კვირაში/თვეში რამდენიმე საათს დაუთმობენ პრო ბონო პროექტს.

  • მენტორინგი

    მენტორინგი  წარმოადგენს გრძელვადიანი საკონსულტაციო დახმარების ფორმას, რომელიც ბენეფიციარის განვითარებისკენ არის მიმართული. მენტორი კონსულტირებას უწევს ბენეფიციარ ორგანიზაციას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც მოიცავს რეგულარულ საკონსულტაციო შეხვედრებს გარკვეული პერიოდულობით, რათა დაეხმაროს ბენეფიციარ ორგანიზაციას განვითარებაში, გარკვეული სირთულეების დაძლევაში და/ან კონკრეტული პროექტის განხორციელებაში.

  • გრძელვადიანი მივლინება

    ამ მოდელის ფარგლებში კომპანია შესაძლებლობას აძლევს საკუთარ თანამშრომელს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმუშაოს სხვა ორგანიზაციაში, შესაძლოა სხვა ქვეყანაშიც (განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში) და თავის კომპანიაში შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი. გრძელვადიანი მივლინება გულისხმობს სრულ შტატით დატვირთვას 3-დან 24 თვემდე, ჩვეულებრივ, მენეჯერის ან კონსულტანტის სტატუსით. კომპანიის ფინანსური წვლილი ამ ტიპის პროექტში ასევე განსხვავებულია: თანამშრომლის ხელფასს, ამ შემთხვევაში, შეიძლება იხდიდეს მასპინძელი ორგანიზაცია, ხოლო კომპანია თავის თავზე იღებდეს ხარჯების გარკვეულ ნაწილს (მაგალითად, მგზავრობის, სამედიცინო დაზღვევის, დაბინავების ხარჯებს და ა. შ.). 

  • საბჭოს წევრობა

    კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს სამოქალაქო ორგანიზაციის საზედამხედველო საბჭოს, სოციალური მიზნების მქონე კონკურსის შემფასებელი კომისიის ან სხვა მსგავსი საბჭოს მუშაობაში.