დაგვიკავშირდით: +995 32 239 90 19
  • ენა: EN

სიახლეები

საქართველოს პრო ბონო ქსელის და მისი პარტნიორების პრო ბონო მარათონი 2018

2018 წლის 13 ივნისს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის და საქართველოს პრო ბონო ქსელის ორგანიზებით, გაიმართა პრო ბონო ქსელის და მისი პარტნიორების პრო ბონო მარათონიმარათონის ფარგლებში პრო ბონო ქსელის წევრმა და პარტნიორმა 9 ბიზნეს კომპანიის თანამშრომლებმა საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებს სრულიად უსასყიდლოდ დაუმზადეს ვებ-გვერდები. პრო ბონო მარათონის მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავდა სხვადასხვა ტიპის და შინაარსის კონსულტაციებს და საჭიროებდა ბიზნეს კომპანიებიდან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების ჩართულობას (მარკეტინგის სპეციალისტები, copy-writer, ვებდეველოპერები), რათა მათ ბენეფიციარ ორგანიზაციებთან ერთად შეემუშავებინათ თითოეული ვებ-გვერდის კონცეფცია, სტრუქტურა, ტექსტები და დიზაინი. მარათონის მსვლელობისას კი ვებდეველოპერებმა მომზადებული სტრუქტურისა და ტექსტების საფუძველზე, წინასწარ შერჩეული wordpress-ის პლატფორმაზე შექმნეს ვებ-გვერდები.

პრო ბონო პროვაიდერები იყვნენ „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ წევრი კომპანიები: ACT – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი, ვისოლ ჯგუფი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, პაშა ბანკი, საკონსულტაციო კომპანია PMCG, საქართველოს ბანკი, სადაზღვევო კომპანია - ჯი პი აი ჰოლდინგი; აგრეთვე ქსელის პარტნიორი ორგანიზაცია: ინოვაციების და ტექნოლოგიების ლაბორატორია - ჯეო ლაბი. ღონისძიებას უმასპინძლა - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU). პრო ბონო მარათონის ბენეფიციარები იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სოციალური საწარმოები, რომლებიც  საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე მუშაობენ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ეს ორგანიზაციებია: ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი“, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი, სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია „საგა“, საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია.


აღნიშნული ღონისძიება გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" (2017 -2020) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას.