საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია, 2016 წელი

პრო ბონო კომპანია: ალიანს გრუპ ჰოლდინგი

ბენეფიციარი: სოციალური საწარმო “სობისის ახალგაზრდული კოოპერატივი”.

სოფელი სობისი მდებარეობს გორის რაიონში, კონფლიქტის სასაზღვრო ზონაში, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 3 კმ-ში. სოფელში პრაქტიკულად არ არსებობს დასაქმების ან მცირე ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა; მდგომარეობას ართულებს ის, რომ მოსახლეობა მუდმივად რისკის ქვეშ ცხოვრობს. ყოველივე ამის გამო სოფელს ტოვებენ ახალგაზრდები და ის ნელნელა ცარიელდება. ნაკლებად კონკურენტუნარიან მდგომარეობაში არიან ასევე ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ადრე დაოჯახების შემდეგ სოფლად თვითრეალიზაციას ვერ ახდენენ.

სოციალური საწარმო “სობისის ახალგაზრდული კოოპერატივი” შეიქმნა 2012 წელს ააიპ „ეთიკ ფინანსის“ მიერ, იმ მიზნით, რომ:

  • დაესაქმებინა სოფელ სობისში მცხოვრები ახალგაზრდები და ქალები
  • დახმარებოდა მათ მეწარმის უნარ-ჩვევების განვითარებასა და სხვადასხვა სახის პროფესიული ცოდნისა და უნარების შეძენაში, რაც მათ შემდგომ დასაქმებასაც შეუწყბს ხელს.

დამატებით სარგებელს წარმოადგენს ის, რომ საწარმო ნედლეულს შეისყიდის ადგილობრივი გლეხებისგან, რითიც მათ შემოსავლის წყაროს უჩენს.

საწარმოს ძირითადი პროდუქციაა ვაშლის წვენი, რომელიც განსაკუთრებული ტექნოლოგიით მზადდება ვაშლის ნატურალური თვისებების შესანარჩუნებლად. გარდა ამისა სობისი აწაროებს ვაშლის ძმარს, ვაშლის ხილფაფას, ჩირს, წნილს, სხვა ხილის წვენებს.

საჭიროების აღწერა:

იურიდიული კონსულტაცია საწარმოს განახლებული წესდების შემუშავების საკითხებზე. სობისის ახალგაზრდული კოოპერატივის დამფუძნებელი და 100%-ით მფლობელია ააიპ „ეთიკ ფინანსი“, რომელიც ეხმარებოდა კოოპერატივს მართვასა და აღრიცხვიანობის მოწესრიგებაში. საწარმოს მომძლავრებისა და განვითარების შედეგად, დადგა საჭიროება, რომ საწარმოს მფლობელობა და მართვის საკითხები ეტაპობრივად დელეგირდეს თანამშრომლებზე, რომლებიც სოფლის მკვიდრი ახალგაზრდები და ქალები არიან. ამისათვის საჭირო გახდა წესდებაში ცვლილებების შეტანა. სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ დაიგეგმა პრო ბონო იურიდიული კონსულტირების პროცესი.

ჩატარებული სამუშაო:

საკონსულტაციო პროცესი 4 თვეს გაგრძელდა (თებერვალი – მაისი, 2016). ის მოიცავდა 2 შეხვედრას იურისტებსა და ბენეფიციარი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის, გარდა ამისა კომპანიის იურისტები დამოუკიდებლად მუშაობდნენ წესდების განახლების რეკომენდაციებზე.

პრო ბონო კონსულტანტი: ალიანს გრუპ ჰოლდინგის 2 იურისტისაგან შემდგარი ჯგუფი

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

საკონსულტაციო მომსახურების შედეგად განისაზღვრა კოოპერატივის პაიების თანამშრომელთა მფლობელობაში გადაცემის პრინციპები, ასევე პაიების გადანაწილების პრინციპი, ახალი თანამშრომლების დამატების ან არსებული თანამშრომლების მიერ კოოპერატივის დატოვებისას; მომზადდა განახლებული წესდების პროექტი. კონსულტანტებმა აგრეთვე მიაწოდეს “სობისს” რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას შესაბამისი ცვლილების განსახორციელებლად.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი".