საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, 2021 წელი

პრო ბონო კომპანია: Grata International Georgia

ბენეფიციარი: სოციალური საწარმო "ბაბალე"

"ბაბალე" სოციალური საწარმოა, რომელიც შეიქმნა "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" მიერ, მისი დამფუძნებლები და წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები არიან. ბაბალე - თანასწორ სამუშაო გარემოს ქმნის სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის. ის აერთიანებს ორ სივრცეს: შემოქმედებით სახელოსნოს და სალონს, სადაც გამოფენილია და იყიდება ხელნაკეთი ნივთები.

საწარმოში მზადდება ხის, თიხისა და ტექსტილის დეკორატიული და გამოყენებითი ნივთები, თითოეული მათგანი გამორჩეული, უნიკალური და ხელნაკეთია.

ასევე, ბაბალეში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნება ადაპტირებულ შემოქმედებით გარემოში სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით და დაკავდნენ სხვადასხვა პოზიციაზე. ბაბალეს შემოქმედებითი სივრცე საშუალებას აძლევს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებს მიიღონ/აიმაღლონ პროფესიული ცოდნა, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინონ და დასაქმდნენ.

საჭიროების აღწერა:

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სოციალური საწარმო "ბაბალე" ამზადებს სხვადასხვა სახის ხის, თიხისა და ტექსტილის დეკორატიულ და გამოყენებით ნივთებს. აღნიშნულ ნივთებზე საწარმო იყენებს როგორც საკუთარს, ასევე ცნობილი ქართველი არტისტების და ხელოვანების ნამუშევრებს. საწარმო აპირებს გაფართოებას და გეგმავს, როგორც ქართველი, ასევე არაქართველი არტისტების ნამუშევრების გამოყენებას. სწორედ ამ მიზნით, "ბაბალეს" სჭირდებოდა კონსულტაცია საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საწარმოს აქვს მათი ბენეფიციარების მიერ შექმნილი სხვადასხვა ნამუშევრები და პატენტთან დაკავშირებით სჭირდებოდათ იურიდიული კონსულტაცია.

ჩატარებული სამუშაო:

გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციის (სიფა), მხარდაჭერით იურიდიული კომპანია - Grata International Georgia (კორძახია ჟღენტი) ჩაერთო პრო ბონო კონსულტაციაში. კონსულტაციის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენელმა საწარმოს გააცნო ადგილობრივი და საერთაშორისო სამართლებრივი გარემო საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. კერძოდ, რა პირობებით შეუძლია საწარმომ გამოიყენონს ცნობილი არტისტების ნამუშევრები და რა რისკებთან არის დაკავშირებული აღნიშნული პროცესი. ასევე, პრო ბონო კონსულტანტმა "ბაბალეს" მიაწოდა ინფორმაცია საწარმოს ბენეფიციარის მიერ შექმნილი ნამუშევრების საავტორო უფლებებთან დაკავშირებით: რას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, როგორ შეუძლიათ დააპატენტონ ნამუშევრები და აღნიშნულ პატენტთან დაკავშირებული უფლებები.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

  • სოციალურმა საწარმომ "ბაბალე" მიიღო დეტალური ინფორმაცია ცნობილი არტისტების ნამუშევრების გამოყენების სამართლებრივ რისკებთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებით;
  • სოციალურმა საწარმომ "ბაბალე" მიიღო რეკომენდაციები, როგორ დაიცვან მათი ბენეფიციარების ნამუშევრების საავტორო უფლებები საქართველოში და რას ითვალსწინებს საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნული მიმართულებით;

პრო ბონო კონსულტაციის ფარგლებში გაიმართა ერთი შეხვედრა, რომელშიც მონაწილოებდა Grata International Georgia (კორძახია ჟღენტი) იურისტი.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.