საუკეთესო მაგალითები - მარათონები
CSRDG და საქართველოს ბანკის ერთობლივი პრო ბონო მარათონი 2017
2017 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) და საქართველოს ბანკმა, რომელიც 2016 წლიდან საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრია, ერთობლივად უმასპინძლეს პრო ბონო მარათონს.
აღნიშნული ღონისძიება გლობალური პრო ბონო კვირეულის ფარგლებში გაიმართა. საქართველოში, უკვე მეორე წელია, CSRDG პრო ბონო მარათონის ორგანიზატორია.
წლევანდელი მარათონის ფარგლებში საქართველოს ბანკის 13 თანამშრომელმა, მთელი დღის განმავლობაში, უსასყიდლოდ, ანუ პრო ბონოდ, 7 საზოგადოებრივ ორგანიზაციას გაუწია კონსულტაცია, რის შედეგადაც ამ ორგანიზაციათა წინაშე არსებული 40-მდე პრობლემა გადაიჭრა. კონსულტაცია შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: სამართლებრივი საკითხები, ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი, სოციალური მედიის მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სხვა.
მარათონის მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციები:
- ასოციაცია "ანიკა"
- ასოციაცია "ათინათი"
- ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონი"
- გურიის აგრობიზნეს ცენტრი
- საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი"
- ნაბიჯი მომავლისკენ
- საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (საგა)
პრო ბონო მარათონის ორგანიზატორი იყო "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი". მარათონი ჩატარდა პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.