საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო მხარდაჭერა სათემო აქტივისტებს
პრო ბონო კომპანია - საქართველოს ბანკი
ბენეფიციარი - „ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი“
26-10-2023/15-11-2023
ოქტომბერსა და ნოემბერის თვეში პრო ბონო მედიაციის მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რომელიც ექვს ბიზნეს კომპანიასა და ექვს სამოქალაქო აქტივისტს აერთიანებდა. მედიაციის პროცესი კონკურსის “საუკეთესო სათემო ინიციატივა“ ნომინანტების მომზადებას გულისხმობდა. კონკურსი ყოველწლიური ღონისძიების, „სათემო ლიდერთა ფორუმი“-ს შემადგენელი ნაწილია, რომელსაც 2015 წლიდან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მართავს (იხ. მეტი აქ)
სამოქალაქო აქტივისტები, დამსწრე საზოგადოების წინაშე მათ მიერ განხორციელებული ინიციატივებით წარდგნენ. პრო ბონო ქსელის წევრი კომპანიის წარმომადგენლები კი დაეხმარნენ საინტერესო აქცენტების გამოყოფასა და პრეზენტაციების ორიგინალური ხერხით წარმოჩენაში.
მედიაციის პროცესში, პრო ბონოდ ჩართული იყო ექვსი კომპანია: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, APM ტერმინალი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ემბისი და თეგეტა ჰოლდინგი.
მოკლე ინფორმაცისა და პროექტის შესახებ: ჯერ კიდევ 2018 წელს, ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთი შეკრების დროს, პრობლემად ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის ნაკლები კომუნიკაცია დაასახელეს და მოგვარების გზად მულტი ეთნიკური ბანაკის შექმნა წარმოიდგინეს. სწორედ აქედან იწყება ეთნო-ბანაკის ისტორია.
საქართველოში ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის საერთო რაოდენობის 16,2%-ს შეადგენენ. ყვარლის მუნიციპალიტეტის 5 სოფელი ეთნიკურად ავარიელებით, უდებითა და ოსებითაა დასახლებული. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ სოფელში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები თანაცხოვრობენ, სამწუხაროდ, მათ ერთმანეთის შესახებ გარდა ეთნიკური სახელწოდებისა, არც თუ ისე ბევრი ინფორმაცია აქვთ.
2022 წლის ეთნო-ბანაკში 50 ახალგაზრდა მთელი საქართველოდან იყო შერჩეული, მათ შორის 7 განსხვავებული ეთნოსის (ქართველები, ავარიელები, უდები, ოსები, აზერბაიჯანელები, სომხები და ეზიდები) წარმომადგენელი. ბანაკი 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ხოლო მოსამზადებელი პერიოდი 2 თვეს მოიცავს. თავად ახალსოფლის თემიდან პროექტში 15 ახალგაზრდა ჩაერთო. ბანაკისთვის სივრცე საცხენოსნო კლუბმა „ჯარჯი“ უსასყიდლოდ დაუთმო ორგანიზატორებს. ეთნო-ბანაკის მონაწილეებმა აღმოაჩინეს და ნათლად დაინახეს ეთნიკური მრავალფეროვნება; ჯგუფების ისტორია, კულტურა, ტრადიციები და მისი ღირებულებანი. მონაწილეებმა განივითარეს გუნდურად მუშაობის, პრეზენტაციის, ანალიტიკური აზროვნების, ურთიერთპატივისცემისა და მოსმენის უნარები და რაც მთავარია ერთმანეთს დაუტოვეს დაუვიწყარი მოგონებები.
2022 წლის ეთნო-ბანაკის მონაწილეებთან ურთიერთობა მხოლოდ საბანაკე სივრცეში გატარებული დღეებით არ სრულდება. ისინი ახალგაზრდული ცენტრის წევრები გახდნენ და სურვილისა და ინტერესის შემთხვევაში ერთვებიან ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა პროექტში.
„ეთნო-ბანაკის“ ისტორია კი გრძელდება და 2023 წელს ბანაკმა უკვე 70-ზე მეტ ახალგაზრდას უმასპინძლა.