საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო მხარდაჭერა სათემო აქტივისტებს
პრო ბონო კომპანია - თიბისი ბანკი
ბენეფიციარი - სათემო კავშირი „ანი-ბანი”
26-10-2023/15-11-2023
ოქტომბერსა და ნოემბერის თვეში პრო ბონო მედიაციის მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რომელიც ექვს ბიზნეს კომპანიასა და ექვს სამოქალაქო აქტივისტს აერთიანებდა. მედიაციის პროცესი კონკურსის “საუკეთესო სათემო ინიციატივა“ ნომინანტების მომზადებას გულისხმობდა. კონკურსი ყოველწლიური ღონისძიების, „სათემო ლიდერთა ფორუმი“-ს შემადგენელი ნაწილია, რომელსაც 2015 წლიდან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მართავს (იხ. მეტი აქ)
სამოქალაქო აქტივისტები, დამსწრე საზოგადოების წინაშე მათ მიერ განხორციელებული ინიციატივებით წარდგნენ. პრო ბონო ქსელის წევრი კომპანიის წარმომადგენლები კი დაეხმარნენ საინტერესო აქცენტების გამოყოფასა და პრეზენტაციების ორიგინალური ხერხით წარმოჩენაში.
მედიაციის პროცესში, პრო ბონოდ ჩართული იყო ექვსი კომპანია: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, APM ტერმინალი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ემბისი და თეგეტა ჰოლდინგი.
მოკლე ინფორმაცისა და პროექტის შესახებ: პანდემიის პერიოდში ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამო სოფელ შრომის მოსახლეობას არ ჰქონდათ საშუალება ინტერნეტით სარგებლობისა (კომპიუტერული ტექნიკის სიმწირე, ინტერნეტ პროვაიდერების არ არსებობა). ამის გამო, შრომის საჯარო სკოლის ბევრი მოსწავლე კვირიდან კვირამდე ვერ ახერხებდა ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას. სკოლის ადმინისტრაცია აღნიშნავდა, რომ საშუალო ზომის კლასიდან (18-20 მოსწავლე) მხოლოდ 30%-ს შეეძლო სისტემატიურად ჩართვა ონლაინ გაკვეთილებზე. ანალოგიური პრობლემის წინაშე იყვნენ სტუდენტებიც. სათემო კავშირმა გადაწყვიტა დაფინანსება მოეპოვებინა და ნაწილობრივ მაინც მოეგვარებინა თემში არსებული პრობლემა.
სოფელ შრომაში ანი-ბანის ინიციატივით შეიქმნა „ვირტუალური ურთიერთობის ფანჯარა“. სათემო კავშირი იმ ეტაპისთვის ფლობდა 1 ლეპტოპს, პროექტის ფარგლებში კი შეიძინა 4 ლეპტოპი, ხოლო თემის თანამონაწილეობით დამატებით კიდევ 1 ლეპტოპი.
პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იყვნენ სკოლის ასაკის მოზარდები, სტუდენტები. ასევე, სამუშაოს მაძიებელი ზრდასრული ადამიანები. ჯამში, სოფლის საერთო რაოდენობის 30 %. საგაკვეთილო პროცესს მონიტორინგს უწევდა მორიგე მოხალისე, რათა არ დარღვეულიყო რეგულაციები, კონტროლდებოდა მონაწილეთა ტემპერატურა შესვლა-გამოსვლის დროს და მკაცრად იყო დაცული უსაფრთხოების ყველა სხვა წესი. შეიქმნა მოსარგებლეთა 3 ჯგუფი, რომელიც მორიგეობით (დღეების მიხედვით) ინაწილებდა სივრცეს. ჯამში 50 მოსწავლეს, 15 სტუდენტსა და 15 ზრდასრულ ქალს გაეწია ინტერნეტ და ტექნიკური მომსახურება, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში.
ამავე პროექტის ფარგლებში შეთავაზებული სხვადასხვა თემატური ტრენინგების შედეგად, სოფელ შრომაში დაფინანსდა 6 მცირე საოჯახო ტიპის ბიზნეს იდეა და 9 პროფესიული საგანმანათლებლო გრანტი, რომლის შედეგადაც ამჟამად დასაქმებულია 14 ქალი.
საზაფხულო არდადეგებისას, „ვირტუალურმა ფანჯარამ“ ორგანიზაციას დამატებით ახალი, ინტერნეტ-კაფის დატვირთვა მისცა. ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში სთავაზობს მოსახლეობას, მოსწავლეებსა და სტუდენტებს კომპიუტერული ოთახით სარგებლობის შესაძლებლობას და ასევე სხვადასხვა აქტივობებს.