საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო მხარდაჭერა სათემო აქტივისტებს

პრო ბონო კომპანია: თეგეტა ჰოლდინგი

ბენეფიციარი: „ლომეკი“

26-10-2023/15-11-2023

ოქტომბერსა და ნოემბერის თვეში პრო ბონო მედიაციის მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რომელიც ექვს ბიზნეს კომპანიასა და ექვს სამოქალაქო აქტივისტს აერთიანებდა. მედიაციის პროცესი კონკურსის “საუკეთესო სათემო ინიციატივა“ ნომინანტების მომზადებას გულისხმობდა. კონკურსი ყოველწლიური ღონისძიების, „სათემო ლიდერთა ფორუმი“-ს შემადგენელი ნაწილია, რომელსაც 2015 წლიდან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მართავს (იხ. მეტი აქ)

სამოქალაქო აქტივისტები, დამსწრე საზოგადოების წინაშე მათ მიერ განხორციელებული ინიციატივებით წარდგნენ. პრო ბონო ქსელის წევრი კომპანიის წარმომადგენლები კი დაეხმარნენ საინტერესო აქცენტების გამოყოფასა და პრეზენტაციების ორიგინალური ხერხით წარმოჩენაში.

მედიაციის პროცესში, პრო ბონოდ ჩართული იყო ექვსი კომპანია: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, APM ტერმინალი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ემბისი და თეგეტა ჰოლდინგი.

მოკლე ინფორმაცისა და პროექტის შესახებ: 2020 წელს თრუსოს ხეობაში მიწის ყიდვასა და რეგისტრაციაზე მორატორიუმის გაუქმების შემდეგ დაიწყო ხეობის უკონტროლო ათვისება, რამაც ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება გამოიწვია.

აქ არსებულ ძეგლების უმეტესობას დღემდე არ გააჩნიათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, შესაბამისად სუსტია მათი დაცვის მექანიზმები, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ზოგიერთ მათგანზე არსებული სტატუსიც კი, მაინც ვერ იცავს ძეგლებს განადგურებისაგან.
დღემდე ოფიციალურ რუკებზე ხეობის ტოპონიმები არასწორი ფორმით გვხვდება, რაც რუსული იმპერიული პოლიტიკის გადმონაშთია, ჩვენი სახელმწიფოებრიობის 30 წლიანი ისტორიის მანძილზეც, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. ამასთან, 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, თუმცა ადგილი ჰქონდა კანონის მთელ რიგ დარღვევებს.

ორგანიზაცია „ლომეკი“, აქტიურ მოქალაქეებთან და ექსპერტებთან ერთად, ხეობის
ისტორიული მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის შესანარჩუნებლად მუშაობს.
ლომეკმა ხეობაში ძეგლთა კვლევითი და მონიტორინგის მიზნით ჩაატარა არაერთი
ექსპედიცია, რა დროსაც გამოიკვეთა ძეგლთა დაზიანების მზარდი შემთხვევები, მათ შორის აღმოაჩინა დაკარგული სარიტუალო ნივთები ეკლესიიდან (მნის ხეობა).
ამავე პერიოდში ჯგუფმა დააფუძნა ეთნო ფესტივალი თრუსო, რომლის მიზანიც ხეობის
ძეგლთა აღდგენა და პოპულარიზაციაა. ასევე მომზადდა ორენოვანი გზამკვლევი, სადაც
შეტანილია ხეობის მნიშვნელოვანი კულტურისა და ბუნების ძეგლები.
დღეისათვის, ჯგუფი მუშაობს პროექტზე „ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა თრუსოს ხეობის დაცული ლანდშაფტისა და კულტურული მემკვიდრეობის განვითარების პოლიტიკის ადვოკატირებისთვის“, რაც გულისხმობს საკანონმდებლო მექანიზმების დახვეწაში მონაწილეობას; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრულ ინვენტარიზაციას (უმეტეს ძეგლებს არ გააჩნიათ სტატუსი) და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებას.

ორგანიზაცია ლომეკი დარბაზის რჩეული გახდა პროექტით „თრუსოს ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება”.