იურიდიული საკითხები
არაკომერიციული ორგანიზაციები, როგორებიც არიან სოციალური საწარმოები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხშირად დგანან იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე და მათთან გამკლავებისთვის საჭიროებენ დახმარებას. ამავე დროს იურიდიული კომპანიები და პროფესიონალი იურისტები თანახმა არიან საკუთარი სამუშაო დროის გარკვეული წილის ინვესტირება მოახდინონ სოციალურ პროექტებში, ანუ უსასყიდლოდ გაუწიონ პროფესიული დახმარება არაკომერციულ ორგანიზაციებს.
- ორგანიზაციის დაარსებასთან დაკავშირებული იურიდიული პროცედურები
იურიდიულმა კომპანიებმა ან იურისტებმა, რომლებიც მუშაობენ კორპორაციული და საგადასახადო სამართლის მიმართულებით, შეიძლება პრო ბონოდ გაუწიონ კონსულტაცია არაკომერციულ ორგანაზიციებს. კონსულტაციის საკითხები შეიძლება იყოს: ორგანიზაციის დაარსებასთან დაკავშირებული ხარჯები; პასუხისმგებლობა და რისკები; საგადასახადო ორგანოებში შესაბამისი სტატუსის განსაზღვრა ორგანიზაციისთვის; ფინანსური ანგარიშგება; ინფორმაციის გასაჯაროება; ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებული საკითხები; წესდების შედგენა; პარტნიორებთან კონტრაქტის შედგენა, ა.შ.
- შრომის სამართალი
იურიდიულმა კომპანიებმა ან იურისტებმა, რომლებიც მუშაობენ შრომითი სამართალის მიმართულებით, შეიძლება უფასო (პრო ბონო) კონსულტაცია გაუწიონ არაკომერიცულ ორგანიზაციებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად: ორგანიზაციის, როგორც დამსაქმებლის, უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრა; შრომითი კონტრაქტების ნიმუშების შემუშავება მუდმივი, შტატგარეშე, მოხალისე ან სტაჟიორი თანამშრომლებისთვის; საერთაშორისიო შრომით კანონმდებლობაში გარკვევა და ა.შ.
- ინტერნეტ საჯაროობა და პირადი მონაცემების დაცვა
მიმზიდველი და ინფორმაციული ვებ-გვერდი არის ნებისმიერი ორგანიზაციის სავიზიტო ბარათი. იურიდიულ კომპანიებს და იურისტებს შეუძლიათ უსასყიდლოდ, ანუ პრო ბონოდ გაუწიონ კონსულტაცია არაკომერციულ ორგანიზაციებს ინტერნეტით ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაგ: პირადი მონაცემების დამუშავება (შეგროვება, გამოყენება და შენახვა); ორგანიზაციის ბრენდის შექმნასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხები, სხვა ვებ-გვერდებთან დაკავშირების პირობები, ა.შ.
- სავაჭრო ნიშანი
არაკომერიცული ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელის, ლოგოს ან ბრენდის დაცვა. რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელონ ან რა უნდა გაითვალისწონონ ორგანიზაციებმა სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის დროს? სწორედ აღნიშნულ საკითხებზე იურიდიულმა კომპანიებმა ან გამოცდილმა იურისტებმა შეიძლება უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიონ არაკომერციულ ორგანიზაციებს პრო ბონო აქტივობის ფარგლებში.
- საავტორო უფლებების დაცვა
საავტორო უფლებები, ორგანიზაციის იმიჯის უფლებების დაცვა და საავტორო უფლებების კანონი ძალიან მნიშვნელოვანია არაკომერციული ორგანიზაციისთვის. სწორედ, აღნიშნულ საკითხებზე შეიძლება გაუწიონ უფასო კონსულტაცია იურიუდიულმა კომპანიებმა არაკომერციულ ორგანიზაციებს პრო ბონო აქტივობის ფარგლებში.
- სასამართლოში წარმომადგენლობა
იურიდიულ კომპანიებს ან იურისტებს, რომლებიც მუშაობენ სასამართლო პროცესებზე, შეუძლიათ პრო ბონოდ გაუწიონ იურიდიული დახმარება არაკომერციულ ორგანიზაციებს, რათა შეიქმნას სასამართლოს გზით მოქალაქეთა უფლების დაცვის პრეცედენტები (მაგ. მომხმარებელთა უფლებების, გარემოსდაცვითი უფლებების დაცვისა და ა.შ.); აგრეთვე, სამოქალაქო ორგანიზაციის ბენეფიციართა (სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა) უფლებების დარღვევის შემთხვევაში გაუწიონ მათ იურიდიული დახმარება სასამართლოში წარმომადგენლობის ჩათვლით.
- საკანონმდებლო ანალიზი
იურიდიულ კომპანიებს ან იურისტებს შეუძლიათ პრო ბონოდ საექსპერტო დახმარება გაუწიონ არაკომერციულ ორგანიზაციებს არსებული კანონმდებლობის ანალიზის, საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენის და საკანონმდებლოს ცვლილებების პროექტის შესამუშავებლად.
- შექმენით თქვენთვის საჭირო კატეგორია
თუ ხართ არაკომერციული ორგანიზაცია და თვლით, რომ გჭირდებათ იურიდიული დახმარება, მაგრამ ვერ იპოვეთ შესაბამისი კატეგორია ამ ჩამონათვალში, დაგვიკავშირდით და თქვენი ორგანიზციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ დაგეხმარებით სწორი კატეგორიის ფორმულირებაში ან ახალი კატეგორიის შექმნაში.
- ჩაერთეთ პრო ბონო აქტივობებში, როგორც იურიდიული კომპანია
„საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პროფესიონალებს გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოების საკეთილდღეოდ. როგორც პრო ბონო პროექტების შუამავალი ორგანიზაცია, „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ აგროვებს ინფორმაციას საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საჭიროებების შესახებ, აკავშირებს ერთმანეთთან პრო ბონო კომპანიებსა და ბენეფიციარ ორგანიზაციებს და ფასილიტაციას უწევს მთელ პროცესს. ამგვარად იზოგება პრო ბონო კომპანიათა დრო და ძალისხმევა. თუ ხართ მოტივირებული იურისტი ან იურიდიული კომპანია და გსურთ, რომ გასწიოთ პრო ბონო მომსახურება, მაგრამ ვერ იპოვეთ თქვენი ექსპერტიზის შესაფერისი კატეგორია ამ ჩამონათვალში, მოგვმართეთ და ჩვენ დაგაკავშირებთ შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარ ორგანიზაციასთან.
ტექსტი ეფუძნება გერმანული სამოქალაქო ორგანიზაციის, „პრობონეოს“ ვებგვერდზე განთავსებულ მასალას