საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია საგადასახადო საკითხებში, 2021 წელი 26 ოქტომბერი
პრო ბონო კომპანია: აუდიტური და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO Georgia
ბენეფიციარი: სოციალური საწარმო "ბაბალე"
"ბაბალე" სოციალური საწარმოა, რომელიც შეიქმნა "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" მიერ, მისი დამფუძნებლები და წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები არიან. ბაბალე - თანასწორ სამუშაო გარემოს ქმნის სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის. ის აერთიანებს ორ სივრცეს: შემოქმედებით სახელოსნოს და სალონს, სადაც გამოფენილია და იყიდება ხელნაკეთი ნივთები.
საწარმოში მზადდება ხის, თიხისა და ტექსტილის დეკორატიული და გამოყენებითი ნივთები, თითოეული მათგანი გამორჩეული, უნიკალური და ხელნაკეთია.
ასევე, ბაბალეში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნება ადაპტირებულ შემოქმედებით გარემოში სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით და დაკავდნენ სხვადასხვა პოზიციაზე. ბაბალეს შემოქმედებითი სივრცე საშუალებას აძლევს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებს მიიღონ/აიმაღლონ პროფესიული ცოდნა, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინონ და დასაქმდნენ.
საჭიროების აღწერა:
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სოციალური საწარმო "ბაბალე" ამზადებს სხვადასხვა სახის ხის, თიხისა და ტექსტილის დეკორატიულ და გამოყენებით ნივთებს. პანდემიის შედეგად ონლაინ გაყიდვების აუცილებლობამ, ბევრი კომპანია აიძულა აღნიშნული გაყიდვების არხი დაეხვეწა და ზოგიერთ შემთხვევაში ფაქტიურად ერთადერთი გაყიდვების არხი აღმოჩნდა ბევრი ბიზნესისთვის.
წარმოების გაფართოების მიზნით სოციალურმა საწარმომ "ბაბალემ" გადაწყვიტა პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ ამაზონის ონლაინ პლატფორმაზე (ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში). საწარმომ უკვე გააგზავნა პირველი შეკვეთა და დაიწყო საქმიანი ურთიერთობა ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში რეგისტრირებულ კომპანიებთან. სწორედ ამ მიზეზით, საწარმოს სჭირდებოდა კონსულტაცია საგადასახადო საკითხებში ექსპორტის მიმართულებით.
ჩატარებული სამუშაო:
2021 წლის 26 ოქტომბერს, აუდიტორულმა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO Georgia-ს წარმომადგენელმა ქეთევაn აბუსერიძემ და თეონა პაპიაშვილმა კონსულტაცია გაუწიეს სოციალურ საწარმო "ბაბალეს" ექსპორტთან დაკავშირებულ საგადასახადო საკითხებში.
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
პრო ბონო კონსულტაცია საგადასახადო საკითხებში
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.