საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო იურიდიული კონსულტაცია, 2017 წელი

პრო ბონო კომპანია: "კორძაძის საადვოკატო ბიურო

ბენეფიციარი: "სოციალური საწარმო იკორთა

სოციალური საწარმო „იკორთა“ დაფუძნდა 2011 წელს არასამთავრობო ორგანიზაციის „უკეთესი მომავლისთვის“ მიერ. საწარმო მდებარეობს გორის რაიონში - წეროვანის დევნილთა დასახლებაში. საწარმოს სოციალური მიზანს წარმოადგენს ქალებისა და ახალგაზრდების პროფესიული განვითარება, დევნილი მოსახლეობის დახმარება მათი სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართულობის გზით. გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების პრობლემა დევნილთა დასახლებაშიც ისეთივე აქტუალურია, როგორც მის გარეთ, საწარმოს მიზანია დევნილ ქალებს და ახალგაზრდებს გააჩნდეთ დასაქმებისათვის საჭირო უნარები ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

სოციალური საწარმო „იკორთა“ არის ტიხრული მინანქრის სახელოსნო და მომხმარებელს სთავაზობს ხალხური რეწვის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების საფუძველზე შექმნილ მინანქრის სამკაულებს (საყურე, ბეჭედი, გულსაბნევი, გულსაკიდი, ჯვარი, სამაჯური) და ტექსტილს (ნაქარგობები და შალები).

საწარმოდან მიღებული შემოსავალი ხმარდება, როგორც მის ბენეფიციარებს, ასევე ორგანიზაციის მდგრადობასა და ორგანიზაციის მისიის (ქალებისა და ახალგაზრდების პროფესიული განვითარება, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების ეფექტურობის ზრდა და დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა მათი სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართულობის გზით) შესრულებას.

საჭიროების აღწერა:

სოციალურ საწარმოს "იკორთა", ერთ-ერთმა სარეკლამო კომპანიამ დაუმზადა კლიპი, რომელიც საწარმოს პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს. თუმცა, საბოლოო პროდუქტი არ აკმაყოფილებდა შეთანხმებულ პირობებს და მიუხედავად სოციალური საწარმოს მცდელობისა სარეკლამო კომპანიისგან ვერ მიიღო ხარისხიანი კლიპი. შედეგად, "იკორთამ" გადაწყვიტა პრობლემის გადაჭრის სამართლებრივი გზისთვის მიემართა. იმისათვის, რომ სწორად განესაზღვრა შესაძლო სამართლებრივი გზები, დასჭირდა იურისტის კონსულტაცია.

პრო ბონო კონსულტანტი: კორძაძის საადვოკატო ბიუროს ადვოკატი - ირაკლი ალხაზიშვილი

ჩატარებული სამუშაო:

პრო ბონო კონსულტაცია ჩატარდა სიფა-ს (საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია) მხარდაჭერით. 2017 წლის 7 ივლის, ასოციაციის წევრმა იურიდიულმა კომპანიამ - კორძაძის საადვოკატო ბიურომ პრო ბონო კონსულტაცია გაუწია სოციალურ საწარმოს "იკორთა". პრო ბონო კონსულტაცია მოიცავდა ერთ შეხვედრას, რომლის ფარგლებში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ადვოკატმა ირაკლი ალხაზიშვილმა იურიდიული კონსულტაცია გაუწია იკორთას.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო მედიაციის შედეგად "იკორთამ" მიიღო რეკომენდაციები თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ დაიცვას საკუთარი უფლებები ან რა სამართლებრივი გზა უნდა აირჩიოს საკუთარი უფლებების დასაცავად.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.