მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობა

ბევრი არაკომერციული ორგანიზაცია დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორებიცაა: მარკეტინგთან და კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემები, ვებ-გვერდების შექმნა და მართვა, ორგანიზაციის სტრატეგიული ცვლილებებით გამოწვეული კომუნიკაციის კონცეფციის გადახედვა და ა.შ. აღნიშნული ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ხოლო რესურსები აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად შეზღუდულია. ამავე დროს, არსებობს ბევრი გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და ეძებს შესაძლებლობებს გამოიყენოს საკუთარი პროფესიული უნარებ-ჩვევები და პრო ბონოდ დაეხმაროს არაკომერციულ ორგანიზაციებს.

  • ბროშურის შექმნა

    მიმზიდველი ბროშურა დიდ როლს თამაშობს ახალი მხარდამჭერების მოსაზიდად და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასავრცელებლად პოტენციურ სამიზნე ჯგუფებში. გრაფიკულ დიზაინერებს და ტექსტზე მომუშავე პროფესიონალებს, შეუძლიათ პრო ბონოდ დაეხმარონ არამოკომერციულ ორგანიზაციებს ბროშურის შექმნაში, კერძოდ: ბროშურის დიზაინის და ტექსტის შექმნაში, რომლის მეშვეობით მოხდება მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამიზნე ჯგუფებისთვის.

  • კორპორაციული სახე/ვიზუალი

    დონორების, სამიზნე ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ორგანიზაციის მიმზიდველი და ერთგვაროვანი საჯარო ვიზუალი პროფესიონალიზმის ერთ-ერთი მაჩვენებელია. გრაფიკულ დიზაინერებს შეუძლიათ უსასყიდლო დახმარება გაუწიონ არაკომერციულ ორგანიზაციებს კორპორაციული ვიზუალის ჩამოყალიბებაში, მაგ: ძირითადი სამიზნე ჯგუფების განსაზღვრასა და ბრენდის შექმნაში, შესაბამისი ვიზუალური ელემენტების ფორმირებაში (ლოგო, პრეზენტაცია), ა.შ.

  • ბრენდის შექმნა

    მარკეტინგის, რეკლამის და კომუნიკაციის სფეროს გამოცდილ სპეციალისტებს და პროფესიონალებს შეუძლიათ უფასოდ დაეხმარონ არაკომერციულ ორგანიზაციებს ადვილად დასამახსოვრებელი და ეფექტური ბრენდის შექმნასა და განვითარებაში.

  • მარკეტინგის და კომუნიკაციის გეგმა

    მარკეტინგის და კომუნიკაციის გამოცდილმა პროფესიონალებმა პრო ბონო აქტივობის ფარგლებში შეიძლება ჩამოაყალიბონ მარკეტინგული და საკომუნიკაციო გეგმა არაკომერციული ორგანიზაციისთვის. აღნიშნული გეგმა შეიძლება მოიცავდეს როგორც ონლაინ ასევე ტრადიციულ მარკეტინგს, აყალიბებდეს ორგანიზაციის მარკეტინგულ მიზნებს, როგორებიცაა: რას ნიშნავს ორგანიზაციისთვის წარმატებული კომუნიკაცია? რა მიზნებს ისახავს ორგანიზაცია? და ა. შ.

  • საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობა

    გამოცდილი პროფესიონალები საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სფეროში შეიძლება უფასოდ დაეხმარონ არამოკომერციულ ორგანიზაციებს პრესასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გზების განსაზღვრასა და ოპტიმიზაციაში, რაც მოიცავს ეფექტური გარე კომუნიკაციის კონცეფციის და პროცედურების შემუშავებას, მთავარი და მნიშვნელოვანი მესიჯების ჩამოყალიბებას ორგანიზაციის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის და პრესისთვის და ა. შ. შედეგად, არაკომერციული ორგანიზაცია გააუმჯობესებს გარე კომუნიკიაციას და შესაბამისად, უფრო წარმატებით მოახერხებს ორგანიზაციის მთავარი მისიის შესრულებას.

  • სოციალური მედია

    სოციალური მედიის პროფესიონალები შეიძლება უსასყიდლოდ დაეხმარონ არაკომერციულ ორგანიზაციებს Facebook-ის, Twitter-ის, Linkedin-ისა და სხვა სოციალური ქსელებით ეფექტური კომუნიკაციის წარმართვაში, რათა გაზარდონ ორგანიზაციის ცნობადობა და კარგი იდეები მიაწვდინონ უფრო მეტ მოტივირებულ და ენთუზიასტ ადამიანს. აღნიშნული დარგის ექსპეტებმა შეიძლება ისეთი რჩევები მისცენ არაკომერციულ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: როგორი უნდა იყოს კარგი პოსტი? რა სიხშირით უნდა იაქტიუროს ორგანიზაციამ სოციალურ ქსელებში? როგორ უნდა შექმნა და განავითარო დაინტერესებული მომხმარებელთა ქსელი? ა.შ.

  • ტექსტები

    ეფექტურ გარე კომუნიკაციაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს კარგად შედგენილი ტექსტი. არ არსებობს ბროშურა, ფლაერი თუ ვებ-გვერდი, რომელიც ტექსტს არ შეიცავს. ამ სფეროს პროფესიონალები შეიძლება პრო ბონოდ დაეხმარონ არაკომერციულ ორგანიზაციას ადვილად გასაგები და ინფორმაციული ტექსტების შექმნაში, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის ზეგავლენის ზრდას სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებზე.

  • თარგმანი

    არაკომერციულ ორგანიზაციებს შეიძლება ჰყავდეთ უცხოელი დაინტერესებული მხარეები, როგორებიცაა: დონორები, პარტნიორები და ა.შ. პროფესიონალმა მთარგმნელებმა ან მთარგმნელობითმა კომპანიებმა შეიძლება უფასო დახმარება გაუწიონ არაკომერციულ ორგანიზაციებს ტექსტის თარგმანში (მაგ. სხვადასხვა დოკუმენტები, ვებ-გვერდის ტექსტები, ფლაერები, წესდება და სხვა) ქართულიდან სხვა ენებზე და პირიქით.

  • შექმენით თქვენთვის საჭირო კატეგორია

    მარკეტინგი და კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციის წარმატებისათვის. თუ ხართ არაკომერციული ორგანიზაცია და თვლით, რომ გჭირდებათ დახმარება აღნიშნულ სფეროში, მაგრამ ვერ იპოვეთ შესაბამისი კატეგორია ამ ჩამონათვალში, დაგვიკავშირდით და თქვენი ორგანიზციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ დაგეხმარებით სწორი კატეგორიის ფორმულირებაში ან ახალი კატეგორიის შექმნაში.

  • ჩაერთეთ პრო ბონო აქტივობებში, როგორც პრო ბონო კომპანია

    „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პროფესიონალებს გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოების საკეთილდღეოდ. როგორც პრო ბონო პროექტების შუამავალი ორგანიზაცია, „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ აგროვებს ინფორმაციას საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საჭიროებების შესახებ, აკავშირებს ერთმანეთთან პრო ბონო კომპანიებსა და ბენეფიციარ ორგანიზაციებს და ფასილიტაციას უწევს მთელ პროცესს. ამგვარად იზოგება პრო ბონო კომპანიათა დრო და ძალისხმევა. თუ ხართ მოტივირებული პროფესიონალი ან კომპანია და გსურთ, რომ გასწიოთ პრო ბონო მომსახურება მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში, მაგრამ ვერ იპოვეთ თქვენი ექსპერტიზის შესაფერისი კატეგორია ამ ჩამონათვალში, მოგვმართეთ და ჩვენ დაგაკავშირებთ შესაბამისი საჭიროების მქონე არაკომერციულ ორგანიზაციასთან.

ტექსტი ეფუძნება გერმანული სამოქალაქო ორგანიზაციის „პრობონეოს“ ვებგვერდზე განთავსებულ მასალას