სიახლეები
23/06/2023
ACG Consulting-მა ”პრო ბონო შვილობის“ პროექტი დაიწყო
15.06.2023
კომპანია ACG Consulting-მა გრძელვადიანი პრო ბონო პროექტი დაიწყო სოციალურ საწარმო-საკონდიტრო "თანავესთან".
შვილად აყვანის (Pro Bono Adoption) პრო ბონო პროექტები ევროპული პრაქტიკაა და გულისხმობს კომპანიის მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციის ან სოციალური საწარმოს გრძელვადიან დახმარებას, ერთი ან რამდენიმე მიმართულებით პრობლემების აღმოფხვრისა და საქმიანობის გამართვის მიზნით. მსგავსი მიდგომა ეხმარება სამოქალაქო ორგანიზაციას სისტემურად უპასუხოს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს და პრო ბონო კომპანიის ექსპერტიზის დახმარებით, შექმნას უფრო მდგრადი, ადაპტირებული და გამართული ბიზნეს მოდელი.
საკონდიტრო „თანავე“ სოციალური საწარმოა, რომელიც სოფელ ფშავში მდებარეობს. საწარმოს მიზანია ქალების და ახალგაზრდების ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესება პროფესიული უნარების განვითარებითა და შემდგომში მათ დასაქმებაზე ზრუნვით.
გრძელვადიან კონსულტაციის და მენტორინგის პროცესში ACG Consulting-ის პროფესიონალები „თანავეს“ ფინანსურ მენეჯერს მიაწვდიან როგორც თეორიულ ინფორმაციას, ასევე გაუწევენ პრაქტიკულ დახმარებას. კერძოდ, ერთი წლის განმავლობაში კომპანია სოციალურ საწარმოს ასწავლის და დაეხმარება ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის დანერგვასა და გამართვაში, მათი ტრანზაქციების სწორ აღრიცხვასა და შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის წარმოებაში.
აღსანიშნავია, რომ ACG Consulting-ის მიერ, გასულ წლებში ( 2021 წელს) უკვე განხორციელდა პრო ბონო შვილობის პროექტი.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის.“ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.