სიახლეები

03/04/2023

კრედო ბანკის პრო ბონო კონსულტაციები

2023 წლის 30 მარტს დაიწყო ვორქშოპების ციკლი, სამუშაოს მოძიების უნარებსა და გასაუბრების ტექნიკებზე. აღნიშნული ტრენინგები ხორციელდება პროექტის - „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში და პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების (CSRDG) ცენტრი, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად. პროექტის მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის.

პრო ბონო კონსულტაციების ფარგლებში, კომპანია კრედო ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურიდან 2 თანამშრომელი ჩაერთვება გასაუბრების ტექნიკების პრაქტიკულ ქეისებში. ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები ვორქშოპის მონაწილეებს ჩაუტარებენ სიმულაციურ გასაუბრებას და დაეხმარებიან ტრენინგზე მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში. ჯამში ჩატარდება 3 პრაქტიკული შეხვედრა სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამი ცენტრის ბაზაზე - კახეთის რეგიონში ლაგოდეხისა და თელავის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრებში, ხოლო გურიის რეგიონში ოზუგეთის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში.

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას წარმატებული გასაუბრების ტექნიკების შესახებ. სიმულაციური გასაუბრება კი დაეხმარებათ მათ მომავალში გასაუბრების პროცესის წარმატებით გავლაში.

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის.“ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.